ფეროვიტ ფორტე 300მგ #30კაფს

15236
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიFerrous fumarate,PP,B1,B2,B5,B6,B9,B12 * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ფეროვიტ ფორტე
(FERROVIT FORTE)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინის ფუმარატი, ნიკოტინამიდი, პირიდოქსინი, თიამინი, რიბოფლავინი, კალციუმის პანტოთენატი, ფოლის მჟავა, ციანოკობალამინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე წითელი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ღიადან მუქ ყავისფრამდე ფხვნილით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატს, 98.6 მგ რკინის (II) ეკვივალენტურს,
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) – 15 მგ,
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) – 1 მგ,
თიამინის მონონიტრატს (ვიტამინი B1) – 2 მგ,
რიბოფლავინს (ვიტამინი B2) – 2 მგ,
კალციუმის პანტოთენატს (ვიტამინი B5), 2.5 მგ პანტოთენის მჟავას ეკვივალენტურს,
ფოლის მჟავას (ვიტამინი B9) – 1.5 მგ,
ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) – 15 მკგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, სიმინდის სახამებელი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიანემიური საშუალება. ათქ-კოდი: B03AE02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფეროვიტ ფორტე წარმოადგენს კომბინირებულ ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში. რკინის იონის შეღწევა ენტეროციტში ხორციელდება მობილფერინის მეშვეობით, შემდგომ იგი უერთდება ტრანსფერინს და ცირკულირებს სისხლში. ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით რკინა დეპონირდება ღვიძლში, ძვლის ტვინსა და ელენთაში.
რკინის ფუმარატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. იგი სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.
ნიკოტინამიდი მოქმედების მექანიზმით ნიკოტინის მჟავას მსგავსია და მასთან ერთად განიხილება როგორც ვიტამინი PP ან ვიტამინი B3. იგი მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვანი სუნთქვის და გლიკოგენოლიზის პროცესებში, წარმოადგენს სასქესო ჰორმონების, კორტიზონის, თიროქსინისა და ინსულინის სინთეზის აუცილებელ ელემენტს. ნიკოტინის მჟავასაგან განსხვავებით ნიკოტინამიდს არ ახასიათებს სისხლძარღვთა გამოხატული გამაფართოებელი მოქმედება და, შესაბამისად, იგი არ იწვევს კანის ჰიპერემიას ან სისხლის მოწოლის შეგრძნებას თავის არეში. მას გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება. ოსტეოართრიტის დროს იგი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მისი გამოყენებისას შესაძლებელია თავიდან აცილებულ იქნას შაქრიანი დიაბეტის განვითარება. ვიტამინი PP აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა) მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავას გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
თიამინის მონონიტრატი წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში და ასევე ნერვულ ქსოვილში, გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში. იგი გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაზე.
რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინის სინთეზს, აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისათვის. რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია, ტრიპტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად.
კალციუმის პანტოთენატი ავსებს ორგანიზმში პანტოთენის მჟავას დეფიციტს. იგი ასტიმულირებს კოენზიმ A-ს სინთეზს, რომლის სტრუქტურაშიც შედის ერთადერთი შეუცვლელი კომპონენტის სახით. კოენზიმ A-ს შემადგენლობაში შემავალი კალციუმის პანტოთენატი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში, აცეტილქოლინისა და სტეროიდების სინთეზში. პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების ფორმირების პროცესში, ავლენს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას.
ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. ფოლის მჟავა აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ციანოკობალამინი ორგანიზმში გარდაიქმნება კობამამიდად, რომელიც წარმოადგენს ციანოკობალამინის აქტიურ ფორმას და ასრულებს კოფერმენტის როლს დნმ-ის, კრეატინის, მეთიონინის, ქოლინის და მიელინის სინთეზში. ციანოკობალამინი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციის უნარს. მისი გამოყენებისას უმჯობესდება ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ფარმაკოკინეტიკა:
რკინის ფუმარატი ადვილად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან, რადგან ორვალენტიანი რკინა კარგად შეიწოვება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 35%-ს. აბსორბცია იზრდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შემთხვევაში, ხოლო მისი ჭარბი შემცველობისას – მცირდება. Cmax აღინიშნება 4 სთ-ის შემდეგ. T1/2 შეადგენს დაახლოებით 12 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ოფლთან, შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ნიკოტინამიდი თითქმის სრულად აბსორბირდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში, მათ შორის სისხლში. მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება მეთილნიკოტინამიდი. გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში. პლაზმის ცილებს არ უკავშირდება. გამოიყოფა თირკმელებით.
თიამინის მონონიტრატი ძირითადად აბსორბირდება თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან. სისხლში აღინიშნება მიღებიდან 15 წთ-ის, ხოლო სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში – 0.5 სთ-ის შემდეგ. შედარებით დიდი რაოდენობით გროვდება გულის კუნთში, ჩონჩხის კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ნაწლავით და თირკმელებით.
რიბოფლავინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 60%. იგი აღწევს თითქმის ყველა ქსოვილში, ასევე გადადის დედის რძეში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელებით.
კალციუმის პანტოთენატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი დაშლის შედეგად ხდება პანტოთენის მჟავას გამოთავისუფლება. პანტოთენის მჟავა დიდი რაოდენობით აღინიშნება სისხლის პლაზმაში, ღვიძლში, თირკმელზედა ჯირკვლებსა და თირკმელებში, შედარებით მცირე რაოდენობით – გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში. გამოიყოფა ძირითადად შარდით, მცირე რაოდენობა – ფეკალური მასებით.
ფოლის მჟავა კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. პლაზმის ცილებს უკავშირდება 64%. Cmax  მიიღწევა 30-60 წთ-ში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ციანოკობალამინის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან. მისი აბსორბციის ხარისხს განაპირობებს კასლის შინაგანი ფაქტორი. იგი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს დაახლოებით 6 დღეს. Cmax   მიიღწევა 8-12 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება ფეროვიტ ფორტეს 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ელემენტარული რკინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
ფეროვიტ ფორტე მიიღება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.  
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ლითონის გემო პირის ღრუში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვისას), ტკივილი გულმკერდის არეში.
 
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფეროვიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რკინის ფუმარატისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკის ერთდროული გამოყენებისას მცირდება როგორც რკინის, ასევე ანტიბიოტიკის აბსორბცია. ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის, მაგნიუმისა და კალციუმის მარილებს, ამცირებს რკინის შეწოვას ნაწლავიდან. ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის აბსორბციას. ეთანოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის რკინის აბსორბციას და, შესაბამისად, იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ პარენტერულად ტარდება რკინის შემცველი პრეპარატით მკურნალობა, ფეროვიტ ფორტეს მიღება არ შეიძლება.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ლევოდოპას ეფექტს. ეთანოლის შემცველი პრეპარატების რეგულარულად გამოყენება აქვეითებს ვიტამინ B6-ის ეფექტურობას.
სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები, ანტაციდები და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ამცირებს თიამინის შეწოვას ნაწლავიდან.
რიბოფლავინი ხელს უწყობს რკინისა და პირიდოქსინის აბსორბციას. ნეიროლეფსიური საშუალებები (ამინაზინი, პროპაზინი და სხვა) აფერხებს რიბოფლავინის მეტაბოლიზმს.
დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის რიბოფლავინთან ერთდროული გამოყენება ამცირებს მათ ეფექტურობას. რიბოფლავინი შეუთავსებელია სტრეპტომიცინთან.
კალციუმის პანტოთენატი ამცირებს სტრეპტომიცინისა და ტუბერკულოზის სამკურნალო სხვა პრეპარატების ტოქსიკურობას. იგი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ ეფექტს.
ფოლის მჟავას ეფექტი მცირდება ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტაციდებთან, ქოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, კონტრაცეპტივებთან და ციტოსტატიკებთან ერთად მიღებისას.
ციანოკობალამინის აბსორბცია მცირდება ამინოგლიკოზიდებთან, სალიცილატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, კოლხიცინთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას. ქლორამფენიკოლის მიღება ამცირებს რკინის პრეპარატების და ვიტამინ B12-ის ეფექტს.    

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მელენა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან დაერთოს აკროციანოზი, სისუსტე, მოდუნება, ძილიანობა, ცივი ოფლი, სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, ტაქიკარდია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს შოკური მდგომარეობა, კომა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის დიდი დოზით მიღება ხასიათდება მაღალი ლეტალობით. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა დიდი რაოდენობის სითხის მიღებით; რძის ან უმი კვერცხის მიღება; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში – დესფეროქსამინის ვენაში შეყვანა; ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, აციდოზის კორექცია, რეჰიდრატაციული თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტ ფორტეს გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
 
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლისა და შარდის მუქი შეფერვა.
ფეროვიტ ფორტეს და რკინის შემცველი სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული ტესტების მაჩვენებლებზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

მსგავსი პროდუქტები