კვანძოვანი ერითემა – კანი

ავადმყოფობაზე ყველა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს და სხვადასხვა გზით გვამცნობს თავის გასაჭირს. მაცნის როლს ხშირად კანი ასრულებს.

კანის დაზიანების ერთ-ერთი ფორმაა კვანძოვანი ერითემა. მას მრავალი დაავადება იწვევს და ხშირად სადიაგნოზო ნიშანიცაა, ამიტომაც გვინდა, მის მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე  გესაუბროთ.

რა არის

კვანძოვანი ერითემა წითელი და იისფერი კანქვეშა კვანძებია, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთების შედეგად წარმოიქმნება.

როგორ ამოვიცნოთ

გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან კვანძოვან ერითემას შემდეგი ნიშნები განასხვავებს:

* კვანძები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, თუმცა უმეტესად წვივებზე ჩნდება. ჩვეულებრივ, ორივეზე სიმეტრიულად.

* გამონაყარი თბილია, მტკივნეული და მომაგრო. არ წყლულდება და, ჩვეულებრივ, დანაწიბურების გარეშე ქრება.

* ინფორმაციულია გამონაყარის ზომაც: თითოეული კვანძი ერთიდან ხუთ სანტიმეტრამდე მერყეობს. უფრო დიდი, მკვეთრკიდეებიანი გამონაყარი კი გვაფიქრებინებს, რომ, მაგალითად, საქმე გვაქვს წითელ ქართან.

გამშვები მექანიზმი

დაავადების გამშვები მექანიზმი იმუნური რეაქციაა. უფრო ზუსტად, დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია. მარტივად რომ გითხრათ, დაავადების განვითარებისთვის საჭიროა კონტაქტი ალერგენთან, რომელზეც ორგანიზმს ჭარბი მგრძნობელობა აქვს. ორგანიზმში მისი განმეორებითი მოხვედრისას ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ზომაზე ძლიერი იმუნური რეაქცია, წარმოიქმნება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსები, რომლებიც კანქვეშა ცხიმთან დაკავშირებულ უმცირეს სისხლძარღვებში ლაგდება და ანთებით პროცესს იწვევს. მისი კლინიკური გამოვლენა 24-48 საათში ხდება, ზოგჯერ – უფრო მეტი ხნის შემდეგაც.

რა იწვევს

შემთხვევათა ნახევარზე მეტში ერითემის მიზეზი უცნობი რჩება. დადგენილ მიზეზთაგან ყველაზე ხშირია:

* სტრეპტოკოკური ინფექცია (განსაკუთრებით – ბავშვებში);

* სარკოიდოზი (სისტემური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგიერთ ორგანოში ანთებითი კერების გაჩენა);

* ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი).

შედარებით იშვიათად კვანძოვან ერითემას საფუძვლად უდევს:

* სხვა ბაქტერიული ინფექცია (იერსინიოზი, სალმონელოზი, მიკოპლაზმოზი, ქლამიდიოზი);

* სოკოვანი ინფექცია (კოქციოდიომიკოზი, ბლასტომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი);

* რიკეტსიული ინფექცია (კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება, ეპიდემიური ტიფი და ტკიპით გამოწვეული ტიფი, Q-ცხელება);

* ვირუსული ინფექცია (ინფექციური მონონუკლეოზი, B ჰეპატიტი);

* ზოგიერთი წამლის (სულფონამიდები, იოდიდი, ბრომიდი, ჩასახვის საწინააღდეგო აბები, ესტროგენები) გვერდითი ეფექტი;

* კატის ნაკაწრის დაავადება (ინფექციური დაავადება, კატის ნაკაწრით გამოწვეული ცხელება);

* სიმსივნე;

* ორსულობა;

* ბეჰჩეტის დაავადება  (სისხლძარღვებისა და ქსოვილების ანთებით მიმდინარე იშვიათი დაავადებაა);

* ტუბერკულოზი;

* პნევმონია (ფილტვების ანთება).

ვის ემუქრება

ყოველ 100 000 კაცზე დაავადების 1-5 შემთხვევა აღირიცხება. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა უმეტესად ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკში გვხვდება და უმეტესად ქალებთან.

როგორ ვლინდება

კვანძების გაჩენას ზოგჯერ წინ უძღვის გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება (38 0ჩ ან მეტი), სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება.  თუ ერითემა ინფექციითაა გამოწვეული, შვიდ კვირაში თავისთავად გაივლის, არაინფექციური დაავადებების დროს კი შესაძლოა თვრამეტ კვირაზე მეტხანსაც გასტანოს. როცა გამომწვევი დაუდგენელია, ასეთ შემთხვევათა მესამედი ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება.

მწვავე ფორმა ერთბაშად და სწრაფად ვითარდება. თავდაპირველად იმატებს სხეულის ტემპერატურა, რასაც ერთ-ორ დღეში მტკივნეული კვანძების გაჩენა მოჰყვება.

თავდაპირველად კანზე ჩნდება მოწითალო, რბილი, უსწორმასწოროკიდეებიანი, 2-დან 6 სმ-მდე ზომის კვანძები. პირველი კვირის განმავლობაში ისინი თანდათან მაგრდება და მტკივნეული ხდება. მეორე კვირას შესაძლოა ჩირქოვან პროცესად ჩამოყალიბდეს, თუმცა არასოდეს წყლულდება. ამავე პერიოდში გამონაყარი იცვლის ფერს, ხდება მოიისფრო, მოგვიანებით მოყვითალო ფერს იღებს და სისხლნაჟღენთს ემსგავსება, 1-2 კვირაში კი კვანძები ქრება და ამ ადგილას, კანზე, რჩება აქერცლილი კანი.

გამონაყარის ალაგების შემდეგ სახსრების ტკივილი შესაძლოა ექვს თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს. თავად სახსრები არ ზიანდება, თუმცა შესაძლოა, მათ გარშემო გაჩნდეს შეშუპება, დაჭიმულობა, მცირე გამონაჟონიც კი.

არსებობს კვანძოვანი ერითემის ქრონიკული ფორმაც. ამ დროს კვანძები შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეც კი დარჩეს. საბოლოოდ ისინიც ქრება, თუმცა მოსალოდნელია რეციდივი – მწვავე პროცესის გამეორება. საინტერესოა, რომ ქრონიკული კვანძოვანი ერითემა პერიოდული რეციდივით გვხვდება არა მხოლოდ სხვა დაავადებასთან ერთად, არამედ დამოუკიდებლადაც.

როგორ სვამენ დიაგნოზს

გამონაყარის თავისებურებებისა და დამახასიათებელი მდებარეობის წყალობით კვანძოვანი ერითემის დიაგნოზის დასმა ძალიან ადვილია, ხოლო იმის დასადგენად, რამ გამოიწვია ეს დაავადება, შესაძლოა დაგვჭირდეს სპეციფიკური ტესტები:

* კანის ტესტი ტუბერკულოზის დასადგენად;

* ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე (იმატებს სისტემური დავადებების დროს);

* სისხლის საერთო ანალიზი;

* C-რეაქტიული ცილა;

* გულმკერდის რენტგენი;

* ანტისტრეტოლიზინ O;

* ცხვირ-ხახის ნაცხი;

* ბიოფსია კანის ღრმა შრიდან  მასალის აღებით.

როგორ  მკურნალობენ

კვანძოვანი ერითემა თითქმის ყოველთვის თავისთავად, მკურნალობის გარეშე ქრება. თუ მკურნალობა მაინც გახდა საჭირო, მისი სამიზნე, როგორც წესი, ერითემის გამომწვევი დაავადებაა. მინიმუმამდე უნდა დავიდეს სხვა გამომწვევ ფაქტორებთან კონტაქტიც.

ფეხების დასვენებამ, მაღალზე შემოწყობამ, გრილმა საფენებმა,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი. ცივი საფენები 15-20 წუთი გაიჩერეთ მტკივან ადგილას. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე. ანთებას ეფექტურად აცხრობს კოლხიცინი და კალიუმის იოდიდი, მაგრამ გახსოვდეთ: ამ პრეპარატების თვითნებური მიღება არ შეიძლება! როდესაც ტკივილი და შეშუპება მკვეთრია, ერიდეთ მოძრაობას – ეს თავიდან აგარიდებთ დაავადების გამწვავევებას.

ეფექტურია კორტიკოსტეროიდების აბებიც, მაგრამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაშინ, როცა სხვა პრეპარატები შედეგს არ გვაძლევს. კორტიკოსტეროიდებს შეუძლია შეასუსტოს დაავადება, რომელიც, სავარაუდოდ, გახდა კვანძოვანი ერითემის მიზეზი.

გარდა ამისა, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი პრეპარატის მიღება და ძირითად დაავადებას უმკურნალოს. თუ ის გამოწვეულია სტრეპტოკოკური ინფექციით, შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობაში ანტიბიოტიკების, მაგალითად, პენიცილინის და ცეფალოსპორინის ჩართვა.

კვანძოვანი ერითემა და ორსულობა

დაავადება ორსულებთანაც გვხვდება – მიზეზი შესაძლოა იყოს ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ორსულობის დროს მიმდინარეობს ორგანიზში. მშოაირობის შემდეგ დაავადება თავისით ქრება, თუმცა მომდევნო ორსულობა ისევ შეიძლება რეციდივის მიზეზად იქცეს. 

გართულებები

კვანძოვანი ერითემის გართულებების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კანის ღრმა შრეში არსებული ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი ან წარმოიქმნას ლიპომა (ე.წ. ცხიმგროვა – ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე).

პროგნოზი

დაავადებას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ის, როგორც უკვე ვთქვით, თავიდთავად ალაგდება. რეციდივი ანუ განმეორება შემთხვევათა მესამედშია მოსალოდნელი. შესაძლებელია პროცესის გაქრონიკულებაც. ასეა თუ ისე, მთავარია, თავიდან აიცილოთ იშვიათი გართულებები. ამ შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 მარიამ ჯანიაშვილი