კვადრიპინი 10მგ/5მგ #30ტ
კვადრიპინი 10/5
(QUADRIPIN 10/5)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლიზინოპრილი, ამლოდიპინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ნაზოლითა და ცალ მხარეს ჭდით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ლიზინოპრილის დიჰიდრატს, 10 მგ ლიზინოპრილის ეკვივალენტურს;
ამლოდიპინის ბესილატს, 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 10 მგ/5 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები.
ათქ-კოდი: C09BB03.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვადრიპინი 10/5 - კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. გააჩნია ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება, რომელიც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ლიზინოპრილი.
ლიზინოპრილი წარმოადგენს ფერმენტ პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორს. იგი აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ახორციელებს ანგიოტენზინ I-ის ვაზოკონსტრიქციულ პეპტიდად ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნის კატალიზირებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ-ის ინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II კონცენტრაციის შემცირებას, რის შედეგადაც ქვეითდება ვაზოპრესული აქტივობა და მცირდება ალდოსტერონის სეკრეცია.
ლიზინოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას არტერიული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც რენინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. აგფ არის კინინაზა II-ის, ბრადიკინინის დამშლელი ფერმენტის, იდენტური.
ამლოდიპინი.
ამლოდიპინი – კალციუმის იონების შემავალი დინების დიჰიდროპირიდინული ინჰიბიტორია, რომელიც ბლოკავს მათ მიწოდებას მემბრანების გავლით მიოკარდიუმისა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი მომადუნებელი ზეგავლენით.
ცნობილია, რომ სტენოკარდიის დროს ამლოდიპინის გამოყენებისას ზოგადი იშემიური დატვირთვის შემცირება ხორციელდება შემდეგი ორი მექანიზმის მეშვეობით:
- ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამგვარად ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას); გულის შეკუმშვათა სიხშირე რჩება სტაბილური, რაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმით ენერგიის მოხმარების და მიოკარდიუმის ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას;
- ამლოდიპინი აფართოებს მთავარ კორონარულ არტერიებს და არტერიოლებს, როგორც ნორმალური სისხლის მიმოქცევის უბნებში, ისე იშემიის ზონებში. ეს უზრუნველყოფს მიოკარდიუმისთვის ჟანგბადის მიწოდების გაზრდას პაციენტებში ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით.
ამლოდიპინის დღეში ერთხელ ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 24 სთ-ის განმავლობაში. მოქმედების თანდათანობითი დაწყების შედეგად სწრაფი ჰიპოტენზიური ეფექტი არ ვლინდება.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დღიური დოზა ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობას, სტენოკარდიის შეტევამდე ინტერვალის ხანგრძლივობას, აკავებს ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებას (1 მმ-ით), ასევე ამცირებს სტენოკარდიის შეტევების და ნიტროგლიცერინის მიღების სიხშირეს.
ამლოდიპინი არ ავლენს რაიმე არასასურველ გავლენას ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლის პლაზმაში ლიპიდების კონცენტრაციაზე და შეიძლება გამოიყენებოდეს ბრონქული ასთმის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
ლიზინოპრილი.
შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ Cmax 90 ნგ/მლ სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 6-7 სთ-ის შემდეგ, ლიზინოპრილის შეწოვის საშუალო ხარისხი შეადგენს დაახლოებით 25%-ს, ვარიაბელობა სხვადასხვა პაციენტებში შეადგენს 6-60%-ს დოზების გამოკვლეულ დიაპაზონში (5-80 მგ). ლიზინოპრილის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
განაწილება: ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, მოცირკულირე აგფ-ის გამოკლებით. ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
გამოყოფა: ლიზინოპრილი არ მეტაბოლიზდება და გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ლიზინოპრილის მრავალჯერადი გამოყენებისას ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12.6 სთ. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში იწვევს ლიზინოპრილის შეწოვის შემცირებას, მაგრამ სისტემური ექსპოზიცია იზრდება დაახლოებით 50%-ით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით კლირენსის შემცირების გამო.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს ლიზინოპრილის გამოყოფას. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ), AUC-ის საშუალო მნიშვნელობა იზრდება მხოლოდ 13%-ით, როდესაც თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 5-30 მლ/წთ) აღინიშნება AUC-ის საშუალო მნიშვნელობის ზრდა 4.5-ჯერ. ლიზინოპრილის გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია დიალიზის საშუალებით.
გულის უკმარისობა: ლიზინოპრილის შეწოვა და კლირენსი მცირდება. AUC–ის ზრდა აღინიშნება საშუალოდ 125%-ით.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნება ლიზინოპრილის უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და AUC-ის უფრო მაღალი მაჩვენებლები (დაახლოებით 60%-ით მეტი) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
ამლოდიპინი.
შეწოვა: ამლოდიპინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში Cmax მიიღწევა 6-12 სთ-ში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება: განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 სთ-ს და შეესაბამება პრეპარატის მიღებას დღეში ერთხელ. ამლოდიპინი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით, ამ დროს შარდით გამოიყოფა საწყისი ნაერთის მხოლოდ 10% და მეტაბოლიტების 60%.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ღვიძლის უკმარისობა: ამ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი შემცირებულია, რაც ზრდის T1/2და AUC დაახლოებით 40-60%-ით.
ხანდაზმული პაციენტები: პრეპარატის Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში ხანდაზმულ პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა ავადმყოფებში პრაქტიკულად იდენტურია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვლინდება ამლოდიპინის კლირენსის შემცირების ტენდენცია, რაც იწვევს AUC-ის და T1/2ზრდას. AUC-ის და T1/2ზრდა გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამებოდა მოლოდინს მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში.
ჩვენება:
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი.
რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა – 1 ტაბლეტი.
დოზის კორექციის საჭიროებისას განსახილველია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრაცია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრისთვის საჭიროა დოზების ინდივიდუალური ტიტრირება ლიზინოპრილის და ამლოდიპინის ცალ-ცალკე გამოყენებით. პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლების ფუნქციის, კალიუმის და ნატრიუმის სისხლის შრატში შემცველობის გაკონტროლება. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩანაცვლდეს ლიზინოპრილის და ამლოდიპინის ადეკვატური დოზებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებისთვის არ არსებობს დოზირების რეჟიმის რეკომენდაციები, ამიტომ მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით, მინიმალური რეკომენდებული დოზებით. ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები განისაზღვრება ინდივიდუალურად, დოზის ტიტრირებით ლიზინოპრილისთვის და ამლოდიპინისთვის ცალ-ცალკე. ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას შესწავლილი არ არის. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით ამლოდიპინის გამოყენება იწყება მინიმალური დოზით, შემდგომი თანდათანობითი მომატებით.
ბავშვები და მოზარდები (<18 წლის): უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (<65 წლის): ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს არ გამოვლენილა ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ლიზინოპრილის ეფექტიანობის და უსაფრთხოების მხრივ. ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად თავიდან საჭიროა ინდივიდუალურად შეირჩეს დოზა, ლიზინოპრილის და ამლოდიპინის ცალ-ცალკე გამოყენებით.
გამოყენების წესი: მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 - ≤ 1/10), არახშირად (≥ 1/1000 - ≤ 1/100), იშვიათად (≥1/10000 - ≤1/1000), ძალიან იშვიათად (≤ 1/10000), უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლიზინოპრილი: ძალიან იშვიათად – ძვლის ტვინის დათრგუნვა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, ლიმფადენოპათია; იშვიათად - ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება; ამლოდიპინი: ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
იმუნური სისტების მხრივ: ლიზინოპრილი: ძალიან იშვიათად – აუტოიმუნური დარღვევები; უცნობი სიხშირით – ალერგიული რეაქციები; ამლოდიპინი: ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ლიზინოპრილი: იშვიათად – ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: ლიზინოპრილი: ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია; ამლოდიპინი: ძალიან იშვიათად – ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევები: ლიზინოპრილი: არახშირად - გუნება-განწყობის ცვლილებები, ძილის დარღვევები, ჰალუცინაციები; იშვიათად – ფსიქიკის დარღვევა; უცნობი სიხშირით – დეპრესია; ამლოდიპინი: არახშირად – უძილობა, გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია; იშვიათად – გონების დაბინდვა.
ნერვული სისტემის მხრივ: ლიზინოპრილი: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად – ვერტიგო, პარესთეზია, დისგევზია; იშვიათად – პაროსმია; უცნობი სიხშირით – გულის წასვლა; ამლოდიპინი: ხშირად – ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); არახშირად – გულის წასვლა, ტრემორი, დისგევზია, ჰიპესთეზია, პარესთეზია; ძალიან იშვიათად – კუნთების ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია; უცნობი სიხშირით – ექსტრაპირამიდული აშლილობა.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ამლოდიპინი: არახშირად – მხედველობის დარღვევები.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ამლოდიპინი: არახშირად - შუილი ყურებში.
გულის მხრივ: ლიზინოპრილი: არახშირად – გიდ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს არტერიული წნევის დაწევით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება; ამლოდიპინი: ხშირად – გულისცემის გახშირება; არახშირად – არითმია, ბრადიკარდიის ჩათვლით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია; ძალიან იშვიათად – მიოკარდიუმის ინფარქტი.
სისხლძარღვების მხრივ: ლიზინოპრილი: ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; არახშირად – ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა, რომელიც შესაძლოა გამოწვეულია არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რეინოს სინდრომი; ამლოდიპინი: ხშირად – კანის ჰიპერემია; არახშირად – არტერიული წნევის შემცირება; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ლიზინოპრილი: ხშირად – ხველება; არახშირად – რინიტი; ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია, სინუსიტი; ამლოდიპინი: ხშირად – სუნთქვის გაძნელება; არახშირად – ხველება, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლიზინოპრილი: ხშირად – დიარეა, ღებინება; არახშირად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების მოშლა; იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე; ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი, ინტერსტიციული ანგიონევროზული შეშუპება; ამლოდიპინი: ხშირად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა; არახშირად – ღებინება, პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ლიზინოპრილი: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა; ამლოდიპინი: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, სიყვითლე.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ლიზინოპრილი: არახშირად – გამონაყარი, ქავილი; იშვიათად – ფსორიაზი, ჭინჭრის ციება, ჰიპერმგრძნობელობა/სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ვულგარული ბუშტუკოვანა, მომატებული ოფლდენა, კანის ფსევდოლიმფომა; ამლოდიპინი: არახშირად – პურპურა, კანის ფერის ცვლილება, მომატებული ოფლდენა, ქავილი, გამონაყარი, ეგზანთემა; ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ამლოდიპინი: ხშირად – წვივების შეშუპება; არახშირად – ართრალგია, მიალგია, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი.
თირკმლების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ლიზინოპრილი: ხშირად – თირკმლების ფუნქციის დარღვევა; იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია; ძალიან იშვიათად – ოლიგურია/ანურია; ამლოდიპინი: არახშირად – შარდვის დარღვევა, ნიკტურია, შარდვის სიხშირის ზრდა.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ლიზინოპრილი: არახშირად – იმპოტენცია; იშვიათად – გინეკომასტია; ამლოდიპინი: არახშირად – იმპოტენცია, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილას დარღვევები: ლიზინოპრილი: არახშირად – მომატებული დაღლილობა, ასთენია; ამლოდიპინი: ძალიან ხშირად – პერიფერიული შეშუპებები; ხშირად – დაღლილობა, ასთენია; არახშირად – ტკივილი გულმკერდში, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებზე ზეგავლენა: ლიზინოპრილი: არახშირად – სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, კრეატინინის მომატება სისხლის შრატში, ჰიპერკალემია, “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატება; იშვიათად - ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის შემცირება, სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ჰიპონატრიემია; ამლოდიპინი: არახშირად – სხეულის მასის მომატება და შემცირება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
დაკავშირებული ლიზინოპრილთან: მომატებული მგრძნობელობა ლიზინოპრილის ან ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ; ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით წინარე მკურნალობასთან; მემკვიდრეობითი ან იდიოპათური ანგიონევროზული შეშუპება; ორსულობის II და III ტრიმესტრი; პრეპარატის ერთდროული მიღება ალისკირენის პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის უკმარისობის (გფს <60 მლ/წთ/1.73 მ2) მქონე პაციენტებში; პრეპარატის ერთდროული მიღება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან. კვადრიპინი 10/5-ს მიღების დაწყება არ შეიძლება, თუ საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან 36 სთ-ზე ნაკლები დრო არის გასული.
დაკავშირებული ამლოდიპინთან: მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ; გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია; შოკი; აორტული სტენოზის მძიმე ხარისხი; გულის ჰემოდინამიკური არასტაბილური უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ. 18 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლიზინოპრილთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:
ჰიპოტენზიური პრეპარატები: ლიზინოპრილის სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან გამოყენებისას შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებთან ან ალისკირენთან ერთად გამოყენებისას დაკავშირებულია არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების მომატებულ რისკთან მონოთერაპიასთან შედარებით.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს: აგფ ინჰიბიტორების საკუბიტრილთან/ვალსარტანთან, ტემსიროლიმუსთან, სიროლიმუსთან, ევეროლიმუსთან, ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან, პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორთან ან ვილდაგლიპტინთან ერთად გამოყენებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
დიურეტიკები: ლიზინოპრილით მკურნალობის დროს დიურეტიკის დამატება აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ლიზინოპრილის გამოყენებისას კალიუმის არაშემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ერთად ჰიპოკალემია, რომელიც განპირობებულია დიურეტიკების მიღებით, შეიძლება შემცირდეს.
პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის შემცველობა სისხლის შრატში: კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკების, კალიუმის შემცველი საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების, ტრიმეტოპრიმის/სულფამეტოქსაზოლის, ციკლოსპორინის და ჰეპარინის ლიზინოპრილთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვანი მომატება. ლიზინოპრილის აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის პერიოდული მონიტორინგი.
ლითიუმის პრეპარატები: აგფ ინჰიბიტორებთან მიღებისას სისხლის შრატში ვლინდება ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ტოქსიკურობა. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის განვითარების რისკი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით (≥3 გ/დღეში): აგფ ინჰიბიტორების და აასს-ს ერთდროულად მიღებისას შესაძლოა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დათრგუნვა. გარდა ამისა, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ასევე სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება.
ოქროს პრეპარატები: ოქროს შემცველი საინექციო პრეპარატის შეყვანის შემდეგ რეგისტრირდებოდა ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები, ჰიპერემიის, გულისრევის, თავბრუსხვევის და არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით).
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეპტიკები/ანესთეტიკები: აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება.
სიმპათომიმეტიკები: ამცირებენ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები: აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ხშირად კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზური საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ნიტრატები: ამ პრეპარატებთან შეიძლება ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენება.
ეთანოლი: აძლიერებს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ლიზინოპრილი აძლიერებს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოვლინებებს.
ალოპურინოლი, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები ან იმუნოდეპრესანტები (სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები): შესაძლოა გამოიწვიონ ლეიკოპენია აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას.
ანტაციდები და ქოლესტირამინი: ერთდროული მიღებისას მცირდება აგფ ინჰიბიტორების ბიოშეღწევადობა.
ამლოდიპინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა ამლოდიპინზე.
CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები: ამლოდიპინის იზოფერმენტ CYP3A4-s ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამლოდიპინის კონცენტრაცია და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. რეკომენდებულია დაკვირვება და, აუცილებლობისას, ამლოდიპინის დოზის კორექცია.
იზოფერმენტ CYP3A4-s ინდუქტორები: იზოფერმენტ CYP3A4–ს ინდუქტორებთან ერთად მიღებისას ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეიცვალოს. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი და, აუცილებლობისას, პრეპარატების დოზის კორექცია.
გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად ამლოდიპინის მიღება რეკომენდებული არ არის.
დანტროლენი (ინფუზია): ჰიპერკალემიის რისკის გამო რეკომენდებულია ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისგან თავის არიდება პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი.
ამლოდიპინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენიზული ეფექტი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული თვისებების მქონე სხვა პრეპარატების შესაბამის ეფექტებს.
ტაკროლიმუსი: ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას იზრდება ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. საჭიროა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და მისი დოზის კორექცია.
სამიზნე რაპამიცინის ინჰიბიტორები (mTOR) ძუძუმწოვრების უჯრედებში: ამლოდიპინმა შეიძლება გაზარდოს სისხლში mTOR ინჰიბიტორების კონცენტრაცია.
ციკლოსპორინი: გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ამლოდიპინს, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება, აუცილებლობისას კი მისი დოზის შემცირება.
სიმვასტატინი: 10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ სიმვასტატინის მრავალჯერადად ერთდროული მიღება იწვევს სიმვასტატინის კონცენტრაციის ზრდას 77%-ით სიმვასტატინის შესაბამისი კონცენტრაციით მონოთერაპიასთან შედარებით. სიმვასტატინის დოზა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, უნდა შეიზღუდოს დღეში 20 მგ-მდე.
კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინი გავლენას არ ახდენდა ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველება.
მკურნალობა: სიმპტომური (პაციენტის ზურგზე დაწვენა, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციების, არტერიული წნევის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და ელექტროლიტური ბალანსის, ასევე სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მონიტორინგი და შენარჩუნება). გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია ქვედა კიდურების ამაღლებული მდგომარეობის უზრუნველყოფა. თუ სითხის შეყვანამ არ გამოიღო საკმარისი შედეგი, შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება პერიფერიული ვაზოპრესორების შეყვანით, უკუჩვენებების არარსებობისას. შესაბამისი შესაძლებლობისას განიხილება ანგიოტენზინ II-ის ინფუზიური შეყვანის მიზანშეწონილობა. კალციუმის არხების ბლოკირების შეწყვეტისთვის შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა.
რადგან ამლოდიპინის შეწოვა ხანგრძლივია, შეიძლება ეფექტური იყოს კუჭის ამორეცხვა.
ლიზინოპრილის გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზის გზით, მაგრამ ამლოდიპინი არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს სისხლის ცილებთან ძლიერი კავშირის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული კვადრიპინი 10/5-ის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
ლიზინოპრილთან დაკავშირებით.
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. ჰიპონატრიემიის და/ან ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს მნიშვნელოვანი სიმპტომური ჰიპოტენზია.
არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს. ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რომლებიც ვაზოდილატატორებით მკურნალობის შემდეგ არიან ჰემოდინამიკის სერიოზული გაუარესების რისკის ქვეშ.
აორტული და მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. ლიზინოპრილი სიფრთხილით ინიშნება მიტრალური სარქველის სტენოზის, აორტული სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.
თირკმლის უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ) ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს პაციენტთან კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემდეგ პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყების შემდეგ არტერიულმა ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინფიბიტორებს, ვლინდებოდა სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის და სისხლის პლაზმაში კრეატინინის მომატება, როგორც წესი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შექცევადი ხასიათის.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტებთან გამოხატული წინარე ვაზორენალური ჰიპერტენზიის გარეშე აღინიშნებოდა სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის და სისხლის შრატში კრეატინინის მომატება, ძირითადად უმნიშვნელო და ტრანზიტორული ხასიათის, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ლიზინოპრილი გამოიყენებოდა დიურეტიკთან ერთად. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან ლიზინოპრილის მოხსნა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ლიზინოპრილით მკურნალობას არ იწყებენ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ნიშნებით.
მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება. არსებობს მონაცემები სახის, ხელების და ფეხების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, ლიზინოპრილის ჩათვლით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას ლიზინოპრილი, დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
აგფ ინჰიბიტორის ერთდროული მიღება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო. საკუბიტრილის/ვალსარტანის პირველი დოზის მიღება უნდა განხორციელდეს ლიზინოპრილის ბოლო დოზის მიღებიდან არა ნაკლებ 36 სთ-ის შემდეგ. ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან არა ნაკლებ 36 სთ-ის გასვლის შემდეგ.
აგფ ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში სიფრთხილით იწყებენ მკურნალობას რაცეკადოტრილით, mTOR ინჰიბიტორებით და ვილდაგლიპტინით ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის გამო.
შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, როდესაც გამოიყენება მემბრანები პოლიაკრილნიტრილით (AN 69), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებისას და სიფრიფანაფრთიანების მიმართ დესენსიბილიზაციის დროს.
ღვიძლის უკმარისობა. პაციენტებში, რომელთაც ლიზინოპრილის მიღების ფონზე უვითარდებათ სიყვითლე ან მნიშვნელოვნად იზრდება ”ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობა, უნდა შეწყდეს ლიზინოპრილის მიღება და ჩაუტარდეთ შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი. პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, ვლინდებოდა ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია.
ლიზინოპრილის დანიშვნა ხდება სიფრთხილით შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან ამ დამამძიმებელი ფაქტორების შერწყმისას, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის წინარე დაზიანების არსებობისას.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა. რაას-ის ორმაგი ბლოკადა არ არის რეკომენდებული. რაას-ის ორმაგი ბლოკადის უკიდეურესი აუცილებლობისას პრეპარატების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ თირკმლის ფუნქციის, სისხლში ელექტროლიტების შემცველობის და არტერიული წნევის მონიტორინგისას. აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
რასა. ნეგროიდული რასის პაციენტებში ლიზინოპრილი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დაწევისას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია ნეგროიდული რასის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რენინის დაბალი შემცველობის მაღალი სიხშირით.
ხველება. არსებობს მონაცემები ხველების შესახებ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას. ხველება არაპროდუქტიული პერსისტირებული ხასიათისაა და ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია. პაციენტებში, რომელთანაც ტარდება ფართო ქირურგიული ჩარევა ან ზოგადი ანესთეზიისას იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც არტერიულ ჰიპოტენზიას იწვევენ, ლიზინოპრილი შეიძლება ბლოკავდეს ანგიოტენზინი II-ის წარმოქმნას რენინის კომპენსატორული განდევნის შემდეგ. აღნიშნული მექანიზმის შედეგად არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას კორექციის ჩატარება შეიძლება მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის გზით.
ჰიპერკალიემია. აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, ალდოსტერონის გამოთავისუფლების ბლოკირების გამო.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ინსულინის გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორით პირველი თვის მკურნალობის განმავლობაში საჭიროა გლიკემიის კონტროლი.
ამლოდიპინთან დაკავშირებით.
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის.
გულის უკმარისობა. გულის უკმარისობისას ამლოდიპინი გამოიყენება სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის უკმარიობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და AUC-ის მაჩვენებლის ზრდა. ამლოდიპინის გამოყენება უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით, მკურნალობის დაწყება და დოზის მომატება ხორციელდება სიფრთხილით.
ხანდაზმული პაციენტები. დოზის მომატება ხანდაზმულ პაციენტებში ხორციელდება სიფრთხილით.
თირკმლის უკმარისობა. ამლოდიპინი შეიძლება დაინიშნოს ჩვეულებრივი დოზით. ამლოდიპინის კონცენტრაციების ცვლილებები სისხლის პლაზმაში არ კორელირებს თირკმლის უკმარისობის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.
ბავშვები. პრეპარატის კვადრიპინი 10/5 გამოყენება უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტიანობის და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატს კვადრიპინი 10/5 შეიძლება გააჩნდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება, რადგან შესაძლოა თავბრუსხვევის, დაღლილობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის შემცირების განვითარება. რეკომენდებულია სიფრთხილე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემი სპირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.