აკლიფი 50მკგ/გ 30გ კრემი
აკლიფი 50 მკგ/გ კრემი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ტრიფაროტენი, 1 გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: ალანტოინი, სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი), ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდების საშუალო ჯაჭვი და გაწმენდილი წყალი.
გამოყენება
აკლიფი შეიცავს მოქმედ ნივთიერება ტრიფაროტენს, რომელიც მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფს.
აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები და პუსტულები (ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი).
უკუჩვენებები
აკლიფის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან არიან ორსულად (იხ. პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
- ალერგია ტრიფაროტენის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
– აკლიფის კრემის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და სუსხვა/წვა (იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია დამატენიანებლის გამოყენება მკურნალობის დაწყებისას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი რეაქციების თავიდან აცილებას. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს დამატენიანებლის გამოყენებას (თუ უკვე არ იყენებთ), კრემის ნაკლები სიხშირით გამოყენებას ან ხანმოკლე დროით შეწყვეტას. თუ ამ ზომების მიუხედავად, სიმპტომები მაინც ნარჩუნდება, შეიძლება საჭირო გახდეს კრემის გამოყენების შეწყვეტა.
– აკლიფის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, გახეხილ ან ეგზემატურ კანზე.
– აკლიფი არ უნდა მოხვდეს თვალში, ქუთუთოებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე. თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდება თვალში, დაუყოვნებლით კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სიფრთხილეა საჭირო კანის მგრძნობიარე უბნებზე წასმისას, როგორიცაა კისერი ან იღლიები.
– სიფრთხილეა საჭირო, როდესაც აკლიფის კრემი გამოიყენება კანზე გამოსაყენებელ სხვა სამკურნალო საშუალებთან ერთდროულად, კოსმეტიკური საშუალებების ჩათვლით (იხ. ასევე პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და აკლიფი“).
– არ გამოიყენოთ „ცვილი“, როგორც დეპილაციის მეთოდი აკლიფით დამუშავებულ კანზე.
– თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოვლინდება მგრძნობელობის რეაქცია, აკლიფის გამოყენება უნდა შეწყდეს.
– აკლიფის გამოყენება არ შეიძლება მზით დამწვარ კანზე. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის, მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. როდესაც შეუძლებელია ზემოქმედების თავიდან აცილება, დამუშავებულ ადგილებზე რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF) მინიმუმ 30 და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება (როგორიცაა ქუდი და პერანგი). თუ მაინც დაგეწვათ მზეზე სახე, მკერდი, მხრები ან ზურგი, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ უბნებზე, სანამ კანი არ აღდგება.
სხვა სამკურნალო საშუალებები და აკლიფი
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, თუ იყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს ან აკნეს სამკურნალო საშუალებებს – ამქერცლავი, გამაღიზიანებელი ან მაშრობი ეფექტებით, ვინაიდან სამკურნალო საშუალებასთან ერთად გამოყენებისას მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი გამაღიზიანებელი მოქმედება. თუ კანი გაღიზიანდება, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ აკლიფი თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვება
აკლიფის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ კრემში შემავალი მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და ახალშობილის/ჩვილის რისკი არ არის გამორიცხული. პაციენტმა და ექიმმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შეწყდეს ძუძუთი კვება თუ მოხდეს აკლიფით თერაპიისგან თავშეკავება, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
მეძუძურმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ აკლიფი გულმკერდის ან მკერდის არეში, ჩვილ ბავშვებში გადაყლაპვის და/ან კონტაქტური ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აკლიფს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ინფორმაცია ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ
აკლიფი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
პრეპარატი, ასევე შეიცავს 50 მგ სპირტს (ეთანოლს) თითოეულ გრამში, რაც 5% w/w -ის ეკვივალენტურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
აკლიფის გამოყენების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აკლიფი განკუთვნილია 12 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მხოლოდ სახის და/ან ტანის კანზე გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე. არ გადაყლაპოთ.
შეინახეთ აკლიფი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ინსტრუქცია
- ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენიმეჯერ დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ამის შემდეგ ტუმბო მზად არის გამოსაყენებლად. აკლიფის კრემის თხელი ფენა წაისვით სახის დაზიანებულ უბნებზე (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, მარჯვენა და მარცხენა ლოყა) და ტანის დაზიანებული ადგილებზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე:
- ტუმბოს ერთი (1) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.
- ტუმბოს ორი (2) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის მისაწვდომი უკანა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი (1) დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.
- ერთ დღეში ტუმბოს ოთხზე მეტი (4) ამოქმედება რეკომენდებული არ არის.
- მოერიდეთ თვალებთან, ქუთუთოებთან, ტუჩებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს, მაგალითად, ცხვირის ან პირის ღრუს შიგნით. თუ კრემი შემთხვევით მოგიხვდათ რომელიმე ამ უბანზე, მაშინვე კარგად ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით.
- დაიბანეთ ხელები კრემის წასმისთანავე.
დამატენიანებელი უნდა გამოიყენოთ აკლიფით მკურნალობის დაწყებიდანვე ისეთი სიხშირით, როგორი საჭიროებაცაა. დამატენიანებლის გამოყენება შეიძლება აკლიფის წასმამდე ან მისი წასმის შემდეგ, საკმარისი ინტერვალის დაცვით, რათა კანი გაშრეს დამატენიანებელსა და აკლიფის გამოყენებას შორის.
აკლიფის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმს შეიძლება დასჭირდეს აკნეს შემდგომი გაუმჯობესების შეფასება.
გამოყენება ბავშვებში
აკლიფის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
საჭიროზე მეტი რაოდენობით აკლიფის გამოყენების შემთხვევაში, აკნეს უფრო სწრაფად მოცილება ვერ მოხდება, მაგრამ კანი შეიძლება გაღიზიანდეს, აიქერცლოს და გაწითლდეს. საჭიროზე მეტი რაოდენობის აკლიფის გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მოწამვლის ეროვნულ ცენტრს, თუ:
- ბავშვმა შემთხვევით გამოიყენა ეს პრეპარატი;
- თუ ეს პრეპარატი შემთხვევით ვინმემ გადაყლაპა.
ექიმი განსაზღვრავს საჭირო ქმედებების განხორციელებას.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ აკლიფის გამოყენება საღამოს, გამოიყენეთ იგი მეორე საღამოს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
მკურნალობის შეწყვეტა
ლაქები (თეთრი წერტილები, შავი წერტილები და ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი) შემცირდება მხოლოდ ამ პრეპარატის რამდენიმე დოზის გამოყენების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ აკლიფის გამოყენება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლოგვერდითიმოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
რეაქციები გამოყენების ადგილზე, როგორიცაა სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და კანის სუსხვა/წვა ხშირად ვლინდება აკლიფის კრემის გამოყენებისას. იხ. პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ინფორმაციისთვის, თუ რა უნდა გააკეთოთ, ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
აკლიფმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):
- გაღიზიანება წასმის ადგილას, ქავილი, მზის დამწვრობა.
არახშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):
- კანის ტკივილი;
- მშრალი კანი;
- გაუფერულება (კანის პიგმენტაციის დაკარგვა);
- ეროზია (კანის დაკარგვა);
- გამონაყარი;
- შეშუპება;
- კანის გაღიზიანება;
- აკნე;
- ალერგიული დერმატიტი (კანისმიერი ალერგია);
- ერითემა (სიწითლე).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე):
- ურტიკარია (ჭინჭრის ციება);
- ბუშტუკები;
- ეგზემა „ასტეატოზური“ (მშრალი კანი აქერცვლით და ნახეთქებით);
- სებორეული დერმატიტი (წითელი, აქერცლილი კანი და ქავილი);
- კანის წვის შეგრძნება;
- ნახეთქები კანზე;
- კანის ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტაციის გამუქება);
- ქუთუთოს აქერცვლა (ქუთუთოს კანის პილინგი) ან შეშუპება (ქუთუთოს კანის შეშუპება);
- გახეთქილი ტუჩები;
- სიწითლე (სახის გაწითლება).
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი მოვლენის, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით ხელს შეუწყობთ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ტუბზე/ტუმბოზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
გადააგდეთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
არ გადააგდოთ გამოუყენებელი აკლიფის კრემი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
აკლიფისგარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
აკლიფი თეთრი და ერთგვაროვანი კრემია.
აკლიფი მოცემულია ტუბში, რომელიც შეიცავს 5 გრამ კრემს ან ტუმბოში 15, 30 ან 75 გრამი კრემით.
შეფუთვის ზომები 1 ტუბი ან 1 ტუმბო.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Galderma SA (გალდერმა სა)
Zählerweg 10 (ზაჰლერვაგ 10),
6300 ზუგი,
შვეიცარია.
მწარმოებელი
Laboratoires Galderma (ლაბორატორის გალდერმა)
Z.I. Montdésir (ზ.ი. მონტდესირი)
74540 Alby-sur-Chéran (ალბუ-სურ-შერანი)
საფრანგეთი.
ეს სამკურნალო საშუალება ლიცენზირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:
ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი: Aklief
გერმანია და იტალია: Selgamis.